ავიატორები კომპენსაციის გაზრდას ითხოვენ
ავიატორები კომპენსაციის გაზრდას ითხოვენ
15:12 20.04.2012
ავიაციის ყოფილმა თანამშრომლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე კომპენსაციის გაზრდა მოითხოვეს.
როგორც ავიასპეციალისტთა პროფკავშირების თავმჯდომარემ თეიმურაზ მეფარიძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, ავიაციის 250 თანამშრომელი მინიმალურ პენსიას - 90 ლარს იღებს, რაც საარსებოდ არასაკმარისია.
მეფარიძის თქმით, საქართველოს ავიაციაში საკმაოდ ბევრი პრობლემა დაგროვდა, მათ შორისაა, მესტიის აეროპორტი, სადაც მისი ადგილმდებარეობის გამო, ფრენების განხორციელება ფაქტიურად შეუძლებელია. მისივე თქმით, ქართულ ავიაციაში შემოსავალმა იკლო.
„ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ, ავიაციაში ქართულ კომპანიებს მთელი ბაზრის 15% ეჭირათ, ახლა კი, მხოლოდ 3%-ია და კიდევ იკლებს. ქართული აეროპორტები ტრანზიტული ავიაკომპანიებით შეივსო“- განაცხადა მეფარიძემ.
აქციის მონაწილეებმა ავიაციის პრობლემებზე სასაუბროდ ტელეკომპანია რუსთავი 2“-ისგან პირდაპირი ეთერი მოითხოვეს.
ავიატორების მორიგი აქცია პრეზიდენტის სასახლესთან 23 აპრილს 14:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა