„საქართველოს გზა“ რიყეზე თბილისის ისტორიული იერსახის დამახინჯებას აპროტესტებს
„საქართველოს გზა“ რიყეზე თბილისის ისტორიული იერსახის დამახინჯებას აპროტესტებს
13:38 20.04.2012
პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მამუკა ბალიაშვილმა  ევროპის მოედნიდან ნარიყალას ციხემდე საბაგირო გზის მშენებლობა გააპროტესტა.
როგორც ბალიაშვილმა დღეს, ევროპის მოედანზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საბაგირო გზა ძველი თბილისის იერსახეს ამახინჯებს.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტით ისტორიული თბილისის განადგურება და ქალაქის ტურისტული პოტენციალის მოსპობა ხდება.
მისივე თქმით, ხელისუფლება თბილისის დამახინჯების პროცესს არ წყვეტს და სახეშეცვლილ რიყეს, მეიდანს, განადგურებულ მირზაშაფის ქუჩას და გუდიაშვილის მოედანს, ნარიყალასაც უმატებს.
„არ ვაპირებთ თბილისის დამახინჯებასთან შერიგებას. ამიტომ, სულ მალე თბილისის ისტორიული ნაწილის დასაცავად დიდ კამპანიას დავიწყებთ. წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას თუ როგორი უნდა იყოს ძველი თბილისის იერსახე“- განაცხადა ბალიაშვილმა.
ბალიაშვილს საბაგიროს მშენებლობის შეჩერება არ მოუთხოვია, რადგან, მისი თქმით, მოთხოვნაზე რეაგირებას მაინც არავინ მოახდენს.
„მოვითხოვთ ეს იყოს ხელისუფლების მიერ თბილისის იერსახის დამახინჯების ბოლო ქმედება“ - აღნიშნა მან.

ბეჭდვა