ღვინის თემაზე მომუშავე პოლონელი და ჩეხი ჟურნალისტები და ღვინის ექსპერტები საქართველოში სოფლის მეურნეობის
სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით იმყოფებოდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტები კახეთის რეგიონს სტუმრობდნენ, სადაც ისტორიული ძეგლები – წინანდლის მუზეუმი, ძველი და ახალი შუამთის მონასტრები მოინახულეს.
მათ ღვინის მწარმოებელი კომპანიების - "შუხმანის", "შუმის" და "თელავის ღვინის მარნის" საწარმოები დაათვალიერეს და ღვინის დაყენების ქართულ ტექნოლოგიებსაც გაეცნენ.
სტუმრების ინტერესი ქვევრის და ბიო ღვინის დაყენების ტექნოლოგიებმა გამოიწვია.
სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტების და ღვინის ექსპერტების საქართველოში მოწვევის მიზანია, მსოფლიომ საქართველო გაიცნოს, როგორც ღვინის სამშობლო და უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა. ამასთანავე, მოხდეს ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება.
