კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, სასჯელღსრულების დაწესებულებიდან
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო, უფლებებისა და კერძო საკუთრების დასაცავად, სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აგრძელებს დავას.
განცხადების თანახმად, ქოქოლაძე ყველას მოუწოდებს და აფრთხილებს - არ მიიღონ მონაწილეობა უკანონოდ, თაღლითური გზით ჩამორთმეული ქონებისა თუ წილების აუქციონში, რადგან, მისი თქმით, მათ მიერ შეძენილი ქონება აუცილებლად გახდება დავის საგანი.
„ჩემთვის „ელიტ ელექტრონიქსის“ წართმევა საბოლოო ფაზას უახლოვდება. მას შემდეგ რაც პროკურატურასთან გარიგებაში მყოფ „თი-ბი-სი“ ბანკმა „ელიტ ელექტრონიქსის“ მართვის უფლება უკანონოდ მოიპოვა და შეგნებულად დაარღვია კრედიტის გადახდის გრაფიკი, რის საფუძველზეც „ელიტ ელექტრონიქსის“ აქციების 55% 116 ათას ლარად გადაიფორმა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, სიმბოლურ ფასად ასევე ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ დაფუძნებულ „ელიტ ეფლაიენსს“ გადასცა, ჩემს საკუთრებაში დარჩენილი „ელიტ ელექტრონიქსის“ აქციების 15%-ც აუქციონის გზით აღსრულებას დაექვემდებარა. მისი საწყისი ფასი 71 ათასი ლარია“ - ნათქვამია ქოქოლაძის განცხადებაში.
მისი თქმით, აუქციონის ჩატარებით „ელიტ ელექტრონიქსის“ დასაკუთრება დასრულდება.
იგი განმარტავს, რომ აღნიშნული 15%-ის გასხვისება უკანონო განაჩენის საფუძველზე ხორციელდება.
„ამ არაკეთილსინდისიერ გეგმაში აქტიურად არიან ჩართული პროკურატურა, „თი-ბი-სი“ ბანკი, მისი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, შემოსავლების სამსახური, თბილისის მერი და სასამართლო“ - ნათქვამია განცხადებაში.
