ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სოციალურად დაუცველთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია
შეიცვლება და დაიხვეწება.
ახალი ინიციატივა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გორში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს გააცნო, რომლებსაც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამო, მონაცემთა ერთიან ბაზაში მაღალი ქულები ერიცხებათ.
აღნიშნული ინიციატივა მსგავს პირობებში მყოფ მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება გამარტივებულად მიიღონ.
ინიციატივა ოჯახების მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დახვეწას ითვალისწინებს. იმავდროულად, მინისტრის ინიციატივით, გადაწყდა, რომ ოჯახების შეფასების სისტემიდან ხანგრძლივი მოხმარების საგნები - კომპიუტერი, მტვერსასრუტი, მუსიკალური ცენტრი და ტოსტერი ამოიღონ.
სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღეს მოქმედი მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკის მიერ 2007 წელს ჩატარებული შინამეურნეობების ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების კვლევის ბაზაზე შეიქმნა.
