ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტს შორის დღეს სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
როგორც "ნიუსპრესს" თსუ-დან აცნობეს, პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ყოველწლიურად სტუდენტთა გაცვლა აკადემიური სემესტრის ან მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მოხდება.
გაცვლითი პროგრამა 2012 წლის შემოდგომაზე ამოქმედდება და მასში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
"მასარიკის უნივერსიტეტი სიდიდით მეორე უნივერსიტეტია ჩეხეთში, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა სტუდენტთა გაცვლით დაიწყება და შემდგომ უფრო გაფართოვდება. მოხდება პროფესორთა გაცვლა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებაც" - განაცხადა თსუ-ს რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
დღევანდელ ღონისძიებას მასარიკის უნივერსიტეტის დელეგაცია და ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ივან იესტრჟაბი ესწრებოდნენ.
მასარიკის უნივერსიტეტი 1919 წელს ბრნოში დაარსდა. უნივერსიტეტში 45 000-მდე სტუდენტი სწავლობს.
