ანიკაშვილი დეკრეტული შვებულების 126 დღიდან 180–მდე გაზარდას ითხოვს
ანიკაშვილი დეკრეტული შვებულების 126 დღიდან 180–მდე გაზარდას ითხოვს
13:09 18.04.2012
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრი მაგდა ანიკაშვილი დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებას და ანაზღაურების გაზრდას მოითხოვს.  ამის შესახებ განცხადება ანიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
დეპუტატის თქმით, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში საგანგებოდ აღინიშნა, რომ ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა უნდა იყოს.
„მისმა უწმინდესობამ დეკრეტული შვებულების გახანგრძლივების საკითხზე გაამახვილა ყურადღება. სწორედ, ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხზე მსჯელობა“ – აღნიშნა მაგდა ანიკაშვილმა.
„ქრისტიან–დემოკრატები“ შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. მაგდა ანიკაშვილის თქმით, დეკრეტული შვებულება 126 დღიდან 180–მდე უნდა გაიზარდოს. დეკრეტული შვებულების ანაზღაურების თანხა, კოდექსის მოქმედი რედაქციით, 600 ლარია, „ქრისტიან–დემოკრატები“ მისი 1000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდიან.

ბეჭდვა