სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობას საძირკველი ჩაუყარა, პარაკლისი გადაიხადა, მშენებლობა აკურთხა, ცერემონიაზე
შეკრებილი მოსახლეობა დალოცა და ტაძრის მშენებლობაში ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა.
ცერემონიაზე სიმბოლურად ცაში მტრედები გაუშვეს.
პატრიარქმა ტაძრის მშენებლობაში გაწეული თანადგომისთვის მადლობა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და პაატა ბურჭულაძესაც გადაუხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ქართველები მრავალ ტაძარს აშენებენ, ამ ტაძარს კი, მთელი ერი ააშენებს.
"ეს იმაზე მეტყველებს, რომ ერი სულიერებისკენ მიდის, იქ სადაც ჩვენი წინაპრებია" - განაცხადა პატრიარქმა.
მისი თქმით, ტაძრის საძირკველში იერუსალიმიდან, სინას მთიდან და რომიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოტანილი სიწმინდეები მოთავსდება. მისივე თქმით, ძველი ტრადიციისამებრ საძირკველში ჩაიყრება ოქროს ფული.
ტაძრის არქივში დაცული იქნება ცოცხალთა და გარდაცვლილთა წიგნი, სადაც ტაძრის აღმშენებელთა გვარ-სახელები ჩაიწერება.
ტაძრის მშენებლობის აქციაში 145 ათასი მოქალაქეა გაწევრიანებული, რომლებიც ყოველთვიურად რიცხავენ ტაძრისთვის თანხას. ამ პროცესში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.
აქციაში გასაწევრიანებლად ნებისმიერი სატელეფონო ოპერატორიდან დარეკვით შესაძლებელია ყოველთვიურად ერთი ლარის გადარიცხვა ნომერზე - 09 01 77 77 77.
საქართველოში მოქმედ ყველა ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში.
