2012-2013 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დღეს დაიწყო.
პირველკლასელთა დასარეგისტრირებლად განათლების სამინისტროს ვებ-გვერდი დღეს 11:00 საათიდან ჩაირთო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს პირველად, რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება.
რეგისტრაცია ორ ეტაპად ჩატარდება და 17 ივნისს დასრულდება.
პირველი ეტაპი 2-17 აპრილს გაიმართა და ბავშვები იმ სკოლებში დარეგისტრირდნენ, სადაც მომავალი მოსწავლის და-ძმა სწავლობს ან მისი მშობლები მუშაობენ. დანარჩენ პირველკლასელთა რეგისტრაცია კი, დღეიდან 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
ბავშვის დასარეგისტრირებლად მშობელს მხოლოდ პირადი მონაცემის შევსება სჭირდება. შესაძლებელია მხოლოდ ერთი სკოლის არჩევა. დადასტურების შემდეგ მშობელმა საბუთები სკოლაში უნდა წარადგინოს.
მშობლებს, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, შეუძლიათ დასარეგისტრირებლად თავიანთი რაიონის რესურსცენტრს მიმართონ.
ონლაინ რეგისტრაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდება. კერძო სკოლები პირველკლასელთა მიღებას ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებენ.
პირველკლასელთა სკოლაში მიღების წესი 2011 წლიდან შეიცვალა და კონკრეტული ვადები დადგინდა. წელს, ცვლილება პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში შევიდა.
