იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი გადმოვიდა
15:30 14.04.2012
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის სასწაული მოხდა.
ცეცხლი ჩვენი დროით დაახლოებით 15.15-15.25 საათზე გადმოვიდა.

იერუსალიმში დიდი შაბათის მწუხრის მსახურება დღეს დღისით აღევლინა, თუმცა, მორწმუნეებმა მაცხოვრის საფლავთან წითელ პარასკევს დაიკავეს ადგილი. მათ მთელი ღამე ლოცვაში გაატარეს. მორწმუნეებმა სანთლები კონებად შეკრეს. თითოეულ კონაში მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წელთა აღსანიშნავად 33 სანთელია.

გადმოცემის თანახმად, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

რამდენიმე წელია, ქართველ სამღვდელოებას და მომლოცველებს მადლმოსილი ცეცხლი საქართველოში ჩამოაქვთ. ღვთაებრივ ცეცხლს პირველად სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ და მორწმუნეებში გაავრცელებენ.

როგორც წესი, აღდგომის ცეცხლი სიონის ტაძრის საკურთხეველში მთელი წლის განმავლობაში ჩაუქრობლად ანთია და ამ მადლის სახლში წაღება ნებისმიერ მორწმუნეს შეუძლია.

ბეჭდვა