თბილისის მერმა გიგი უგულავამ გალაკტიონის ხიდთან გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის დეტალებს გაეცნო.
მერიის ოფიციალური ინფორმაციით, გალაკტიონის ხიდთან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, 100 მეტრი სიგრძის ბეტონის გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე ხუთ ადგილას პანდუსები, ხიდები, გვირაბები და ესტაკადები აშენდება.
პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება და ორთაჭალიდან ლაგუნა ვერესკენ მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი გალაკტიონის ხიდის ქვეშ სანაპიროზე ცალმხრივად შეუჩერებლად იმოძრავებს.
გვირაბის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სანაპიროს აღნიშნულ მონაკვეთზე გაუქმდება შუქნიშანიც.
მერიის ინფორმაციით, გალაკტიონის ხიდთან დაწყებული სამუშაოების პარალელურად ახლო მომავალში სხვა, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაც იგეგმება.
