მართლმადიდებელ ეკლესიაში ხვალ იესო ქრისტეს საფლავად დადების მსახურებას შეასრულებენ.
მსახურება, გამთენიისას 06:00 საათზე დაიწყება.
განთიადზე, „დიდება მაღალიანის“ გალობის შემდეგ წმინდა გარდამოხსნას ეკლესიის გარშემო სამწმიდის გალობით შემოატარებენ.
მღვდელმსახურები ამ დროს, ღია ფერის სამოსით შეიმოსებიან. პურისა და ღვინის კურთხევის ლოცვა ხორბლისა და ზეთის მოხსენიების გარეშე შესრულდება.
წესის აგების მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში, დილის 09:00 საათზე წირვა აღევლინება. შესრულდება წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია, რომელზეც მორწმუნეებს ზიარების საშუალება ექნებათ.
წირვის დასრულების შემდეგ მორწმუნეები აღდგომის შესახვედრად მოემზადებიან. აღდგომის მსახურება ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საღამოს 23:00 საათზე დაიწყება. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო მსახურებას უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II მღვდელმსახურებთან ერთად შეასრულებს.
