სამებაში გარდამოხსნის რიტუალი დასრულებულია
სამებაში გარდამოხსნის რიტუალი დასრულებულია
17:06 13.04.2012
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი დასრულდა. ღვთისმსახურებაზე გარდამოხსნა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, სასულიერო პირებთან ერთად, საკურთხევლიდან გამოაბრძანა.
გარდამოხსნა, რომელზეც საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილზე საფლავში ჩასვენებული მაცხოვარიის გამოსახულებაა ამოქარგული, ტაძრის შუაგულში ამაღლებულ, ყვავილებით მორთულ სადგამზე დააბრძანეს.
მსახურების დროს მათეს სახარებიდან ის ფრაგმენტები წაიკითხეს, სადაც მაცხოვრის შეპყრობა, პილატეს წინაშე წარდგენა, წამება, ჯვარცმა და საფლავად დადებაა მოთხრობილი. სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას მიეძღვნა. შესრულდა სავედრებელი საგალობელი და საკითხავები.
ღვთისმსახურების დროს ასევე, შესრულდა საგანგებო საგალობელი - ღვთისმშობლის დატირება, რომელიც წელიწადში ერთხელ, მხოლოდ წითელ პარასკევს სრულდება.
დღევანდელი მსახურების შემდეგ მორწმუნეები ჯვარცმას ემთხვევიან. დიდ პარასკევთან დაკავშირებით, ყველა ღვთისმსახური შავ სამოსშია შემოსილი.
მსახურების შემდეგ ტაძრებში საზეიმო ზარების რეკვა შეწყდება. მორწმუნეებისთვის დიდი პარასკევი მძიმე მარხვაა.

ბეჭდვა