დღეს დიდი პარასკევია
დღეს დიდი პარასკევია
09:48 13.04.2012
მართლმადიდებელ ეკლესიაში დიდ პარასკევს იესო ქრისტეს ჯვარცმას და ვნებებს იხსენიებენ.
როგორც "ნიუსპრესს" საპატრიარქოდან აცნობეს, დღეს 14.00 საათზე, საქართველოს  კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში საგანგებო მსახურებას აღავლენს.
სრულდება მწუხრი, რომლის ბოლოს საკუთხევლიდან ჩრდილოეთის კარით, შუა ტაძარში წმიდა გარდამოხსნას გამოაბრძანებენ და წინასწარ გამზადებულ ლუსკუმაზე დაასვენებენ.
მაცხოვრის ვნებასთან დაკავშირებით, უსისხლო მსხვერპლშეწირვა - წმიდა წირვა არ აღესრულება, ნიშნად იმისა, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების აღსრულებისას.
მწუხრზე საგანგებო საგალობელი - "ღვთისმშობლის დატირება" შესრულდება. დიდი პარასკევის მთელი მსახურება მაცხოვრის ჯვარზე ვნების გახსენებას ეძღვნება და უდიდესი მწუხარებით არის განმსჭვალული.
მწუხრის დასრულების შემდეგ ეკლესიაში საზეიმო ზარების რეკვა და მუხლდრეკა შეწყდება.
მორწმუნეები ამ დღეს განსაკუთრებული მდუმარებით ხვდებიან. დიდი პარასკევი მძიმე მარხვაა.
დღეს მორწმუნეები სახლებში კვერცხებს წითლად ღებავენ.

ბეჭდვა