ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სიჩქარის გადაჭარბება, უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა და მობილურით
სარგებლობის წესების დარღვევაა. აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევის შედეგები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით გამოვლენილ სამართალდარღვევათა პროცენტული თანაფარდობის მიხედვით 91%-ით მამაკაცები ლიდერობენ, საგზაო წესების დამრღვევთა ასაკი კი, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, ძირითადად 31-40 წლის პირთა შორის მერყეობს.
ამავე კვლევის თანახმად, ქალებთან მიმართებაში, ალკოჰოლური სიმთვრალით გამოწვეული სამართალდარღვევების კუთხით 50 წელს გადაცილებული ქალბატონები ლიდერობენ.
რაც შეეხება მართვის მოწმობის აღების მსურველებს, კვლევის თანახმად, სულ უფრო იზრდება ქალთა ხვედრითი წილი და ამ კუთხით აქტივობამ პიკს 2011 წელს მიაღწია.
ამავე წელს პირველადი მართვის მოწმობის წარმატებით აღებასთან დაკავშირებით ყველაზე კარგი შედეგი დაფიქსირდა - 85.1%. ამ მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი - 2009 წელს აღნიშნა, როდესაც მსურველთა მხოლოდ 74%-მა შეძლო მართვის მოწმობის აღება.
