კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიაგაერთიანებას საზოგადოების არასწორ ინფორმირებაში ადანაშაულებს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიაგაერთიანებას საზოგადოების არასწორ ინფორმირებაში ადანაშაულებს
15:37 12.04.2012
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მედიაგაერთიანების განცხადებას მედიასაშუალებათა დისკრედიტაციის შესახებ, საზოგადოების  ცალმხრივი და არასრული ინფორმირების შეფასებას აძლევს.
კომისიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ხატია ყურაშვილის განცხადებით, საქმე გვაქვს მედიის სფეროს ხელოვნურ პოლიტიზირებასთან.
"კომისიამ ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" წერილის საფუძველზე შიდა ქართლში მონიტორინგი ჩაატარა და გამოავლინა, რომ საკაბელო ოპერატორი "თრიალეთი" რადიოსიხშირულ სპექტრს ლიცენზიის გარეშე იყენებდა" - განაცხადა ყურაშვილმა.
მან ტელეკომპანია "მე-9 არხის" პრეტენზიას ზეწოლის შესახებ, აბსოლუტურად უსაფუძვლო უწოდა.
"სწორედ კომისიის გადაწყვეტილებით მიიღო "მე-9 არხმა" საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია, მოგვიანებით კი, თანამგზავრული მაუწყებლობის უფლება" - განაცხადა ყურაშვილმა.
მისი განმარტებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მსგავს კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში არ ერევა, რადგან ეს მისი რეგულირების სფეროში არ შედის.
როგორც ცნობილია, დღეს ეროვნული კომისიის შენობასთან მედიაგაერთიანება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" წარმომადგენელთა აქცია "მარეგულირებელო არეგულირე, ნუ ზღუდავ!" გაიმართა.

ბეჭდვა