დღეს საიდუმლო სერობის ხსენებაა
დღეს საიდუმლო სერობის ხსენებაა
10:38 12.04.2012
მართლმადიდებელი ეკლესიაში დღეს, ვნების კვირის ხუთშაბათის მოვლენებს იხსენიებენ.
საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში სპეციალური ღვთისმსახურება სრულდება.  სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 09:00 საათიდან აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი ფეხთბანვას შეასრულებს.
დიდი ხუთშაბათის მსახურებაში, იმ მოვლენებზეა მოთხრობილი, რომლებიც მაცხოვრის ვნებას უსწრებდა წინ - მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექის აღსრულება, ფეხთბანვა, ევქარისტიის საიდუმლოს დაწესება და იუდას მიერ მაცხოვრის გაცემა.
ეკლესიაში დღეს საგალობლები სრულდება, რომელთა მეშვეობითაც მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებს იხსენიებენ.
ცისკრის ჟამზე საცისკრო კანონთა III გალობის შემდეგ, იუდას გამცემლობაზე იკითხება წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვა, რათა ყოვლითურთ განვეშოროთ იუდას საქციელს და იუდეველთა ბორგნეულ განზრახვებსა და ქმედებებს.
საიდუმლო სერობის გასახსენებლად დღეს წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია აღესრულება. ეკლესიური სწავლებით ამ დღეს, ყველა მორწმუნე უნდა ცდილობდეს ეზიაროს მაცხოვრის წმიდა ხორცსა და სისხლს, რათა მარადიული ცხოვრება დაიმკვიდროს ცათა სასუფეველში, როგორც ამას თვით უფალი გვამცნებს: „და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს, და მე მის თანა“.
დიდ ხუთშაბათს მაცხოვარმა იესო ქრისტემ მოწაფეები აზიარა, რომლითაც უფლის გასახსენებლად წმინდა ზიარების საიდუმლო დაწესდა. დიდ ხუთშაბათს სნეულთა მთელი წლისთვის საზიარებლად წმიდა ძღვენი მზადდება. ფერხთბანვის წესი მხოლოდ მღვდელმთავრის მსახურებებზე სრულდება.
საღამოს ეკლესიაში წმინდა სახარებიდან ის 12 ფრაგმენტი იკითხება, რომელიც მაცხოვრის გაცემას, შეპყრობას და ჯვარცმასთან დაკავშირებულ მოვლენებს ასახავს.
სახარებებს უწმინდესი და უნეტარესი ილია II წაიკითხავს.

ბეჭდვა