საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე ნეპალის ქალაქ კატმანდუში კლიმატის ცვლილების შესახებ მთიანი ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი კონფერენციის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა და კავკასიის მთიან რეგიონზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შესახებ ისაუბრა.
გოგა ხაჩიძე კონფერენციაზე ნეპალის მთავრობის მოწვევით იმყოფებოდა. შეხვედრაში მსოფლიოს 54 მთიანი ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ.
კონფერენციაზე მინისტრთა დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც ხაზგასმულია მთის ეკოსისტემების მდგრადი გამოყენებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ერთობლივი მიდგომების დანერგვის აუცილებლობა მთიანი ქვეყნებისთვის.
