საავარიო ვითარების შექმნისთვის ჯარიმა 200 ლარი გახდება
საავარიო ვითარების შექმნისთვის ჯარიმა 200 ლარი გახდება
16:27 11.04.2012
საავარიო ვითარების თუ საცობის შექმნისთვის ჯარიმა 200 ლარი გახდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის.
დღემდე მოქმედი ნორმით, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნა 50 ლარით ჯარიმდება.
ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა კი, 10 ლარით ჯარიმდება.
დღემდე მოქმედი რედაქციით, თუ აღნიშნულ ქმედებებს მოჰყვებოდა საავარიო ვითარების შექმნა, მოძრაობის შეფერხება ან საცობის შექმნა 100 ლარით ჯარიმდებოდა. პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტით კი - 100 ლარიანი ნიშნული 200 ლარამდე იზრდება.
კანონპროეტქის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

ბეჭდვა