საქართველოს „მწვანეთა პარტია“ ლოზუნგით - „გადავარჩინოთ საქართველო ეკოციდისგან“ საერთაშორისო აქციას იწყებს.
ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა გიორგი გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კანონმდებლობა ამოქმედდა, რომელმაც საქართველოს ბუნების განადგურებისთვის ყველა სასჯელი გააუქმა.
„2012 წლის 20 მარტი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ისტორიაში შევა, როგორც ქვეყანაში ეკოციდის დაკანონების უპრეცედენტო დანაშაული“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
საერთაშორისო აქციაში ევროპის მწვანეთა პარტია, ევროპის პარლამენტის მწვანეთა ფრაქცია, ევროპის ქვეყნების მწვანეთა პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, შეერთებული შტატების არასმთავრობო სექტორი და მწვანეთა ორგანიზაციები ჩერთვებიან.
აქციის ფარგლებში, აშშ-ს და ევროპის ქვეყანებში საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების წინ საპროტესტო აქციები იგეგმება.
„გარემოს დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები 20 მარტს შევიდა. ცვლილების თანახმად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და პირს ან კომპანიას შორის შეთანხმების დადების შესაძლებლობა განისაზღვრა. შეთანხმების საფუძველზე, ბიზნესკომპანიებს სახელმწიფოსთვის გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ, შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ნებისმიერი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა აქვთ. სანაცვლოდ კი მათ, სანქცია არ დაეკისრებათ.
