ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს პროექტის - „საქართველოს ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვების“ პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, ღონისძიებას თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დაესწრნენ.
თსუ-ს ცნობით, პროექტის ფარგლებში, მეცნიერებმა მოიძიეს და აღრიცხეს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მინერალური ნედლეულის 114 საბადო. ასევე, ლაბორატორიულად შეისწავლეს თითოეული ქვის ქიმიური შემადგენლობა და მონაცემთა ელექტრონული ბაზა შექმნეს.
პროექტის ხელმძღვანელის ვაჟა გელეიშვილის ინფორმაციით, მოსაპირკეთებელი ქვების მოცულობა მთელი მინერალური ნედლეულის მოცულობის 20%-ს აღწევს და მისი ღირებულება დაახლოებით 20 მლრდ აშშ დოლარია.
„ქართული ქვის პრიორიტეტი ისაა, რომ ის დაბალი რადიაციით ხასიათდება და საუკეთესო დეკორატიული და კარგი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით გამოირჩევა“ - აღნიშნა გელეიშვილმა.
ღონისძიებაზე ასევე, წარმოადგინეს წიგნი - „საქართველოს ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვები“. თვალსაჩინოებისთვის გამოიფინა მარმარილო, გამარმარილებული კირქვა, ანდეზიტი, ტუფი და სხვა.
