"ალიანტე 2012" საქართველოში წელს მეხუთედ გაიმართება
"ალიანტე 2012" საქართველოში წელს მეხუთედ გაიმართება
14:40 10.04.2012
ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და უსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლების მიზნით ეროვნული კონკურსი - "ალიანტე 2012" საქართველოში წელს მეხუთედ გაიმართება.
კონკურსის პროექტის პრეზენტაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს გაიმართა. სამინისტრო კონკურსის მხარდამჭერი უწყებაა. "ალიანტე 2012" არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა ახალი ინიციატივის" დახმარებით ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეროვნული კონკურსი "ალიანტე 2012" საერთაშორისო კონკურს "ალიანტეს" ანალოგია, რომლის მიზანია 15-19 წლის ახალგაზრდების დაინტერესება ნატო-სთან დაკავშირებულ საკითხებში.
"ახალი თაობა ახალი ინიციატივის" აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, კონკურსი მონაწილეებს ისტორიის, გეოგრაფიისა და პოლიტიკის შესახებ საკუთარი ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს. ახალგაზრდები ასევე, რთულ პირობებში ფიზიკურ ძალებს გამოცდიან.
"მოვუწოდებ ყველას ვისაც აინტერესებს ნატო, უსაფრთხოება და უყვარს თავგადასავლები, აქტიურად ჩაერთოს კონკურსში. ეს მათი შესაძლებლობაა"- განუცხადა "ნიუსპრესს" ჩაჩავამ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საიტზე aliante.ge და შექმნან ორკაციანი ჯგუფი.
ორგანიზატორთა განმარტებით, მონაწილეები რამდენიმე ტურს გაივლიან, რომელიც კითხვებზე პასუხს, თემების წერას და სპორტულ შეჯიბრს მოიცავს. გამარჯვებულებისთვის სპეციალური პრიზებია დაწესებული.

ბეჭდვა