ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა აქცია "მშვიდობიანი კავკასიისთვის" მშვიდობის პარკში დასრულდება
ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა აქცია "მშვიდობიანი კავკასიისთვის" მშვიდობის პარკში დასრულდება
18:20 09.04.2012
ქართველმა და აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა 9 აპრილის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალთან მშვიდობიანი აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი და რეგიონული განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაცია.
შეკრებილებმა უარი განუცხადეს ომს, ოკუპაციას და აგრესიას და ნატო-სა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის სურვილი გამოთქვეს.
როგორც ახალგაზრდული პარლამენტის წევრმა თეონა ლავრელაშვილმა "ნიუსპრესს" განუცხადა, ორი ქვეყნის ახალგაზრდობა მშვიდობიანი კავკასიისა და კავკასიელ ხალხს შორის სოლიდარობისადმია განწყობილი.
აქციის მონაწილე მილი-მეჯლისის დეპუტატის ეთიბარ ჰუსიენოვის განცხადებით, იგი მიხეილ გორბაჩოვისთვის მშვიდობის დარგში მინიჭებული ნობელის პრემიის ჩამორთმევის მიზნით, ნობელის პრემიის კომიტეტში განცხადების შეტანას გეგმავს. აზერბაიჯანელი დეპუტატის თქმით, თბილისის 9 აპრილის მოვლენების ხელმძღვანელი გორბაჩოვი იყო და ის ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გადაეცეს.
სტუდენტები პარლამენტის შენობიდან მსვლელობით მშვიდობის პარკისკენ გაემართნენ. ორი ქვეყნის სტუდენტები აქციას უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნისადმი სანთლების დანთებით დაასრულებენ. სანთლებით გამოსახავენ წარწერას "საქართველო მშვიდობიანი კავკასიისთვის".


ბეჭდვა