საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტური დასაქმების პროექტის - “Summer job”-ის ფარგლებში თბილისის მერია სხვადასხვა სფეროში 10 000 სტუდენტს დაასაქმებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე, სტუდენტები ქალაქის გამწვანებაზე, კეთილმოწყობასა და დასუფთავებაზე იზრუნებენ. ისინი ასევე, ყველა იმ პროექტში ჩაერთვებიან, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერი გიგი უგულავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს დასაქმების პროექტში მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გიგი უგულავამ სტუდენტებს ქალაქის მასშტაბით, მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოების შესახებ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.
სტუდენტური დასაქმების პროექტი მიზნად სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების მიღებას ისახავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე II-დან IV კურსის ჩათვლით ბაკალავრიატის 25 000 ათასი სტუდენტი დარეგისტრირდა. შეთავაზებული სხვადასხვა სფეროს 70-მდე სამუშაო სახეობებიდან მათ ერთი ვაკანსია აირჩიეს.
სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. თითოეული სტუდენტი ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებს.
