დღეიდან ვნების კვირა დაიწყო
დღეიდან ვნების კვირა დაიწყო
10:12 09.04.2012
დღეიდან ვნების შვიდეული იწყება. ვნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომის წინა კვირას ეწოდება.
აღნიშნული კვირა იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ.
ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებისა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებაა. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია აღევლინება, რომელის დროსაც სახარება სრულად იკითხება.
დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე ქრისტიანული ეკლესია იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას იხსენებს. დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როდესაც საჭიროების შემთხვევაში მირონის კურთხევა შეიძლება.
დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვარიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. ამ დღეს წირვა არ აღესრულება, რადგან ცოდვებისგან ჩვენს გამოსახსნელად უფალმა მსხვერპლად საკუთარი თავი შესწირა.
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი - ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება. ამ დღეს გარდამოხსნას ისევ ტაძრის შუაგულში დაასვენებენ.
ამის შემდეგ მორწმუნენი შუაღამის დადგომას ელოდებიან, როდესაც უფლის, იესო ქრისტეს, ბრწყინვალე აღდგომის უდიდესი დღესასწაული იწყება.

ბეჭდვა