1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგედიდან 23 წელი გავიდა.
საქართველოს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა 1989 წლის 4 აპრილს ქვეყნის საბჭოთა კავშირის
შემადგენლობიდან გასვლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის ლოზუნგით მიტინგების ორგანიზება და შიმშილობა დაიწყეს.
კომუნისტური ხელისუფლებისთვის მათი მოთხოვნები იმდენად მიუღებელი იყო, რომ მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. საბჭოთა ხელისუფლებამ ეროვნული მოძრაობის აღკვეთის მიზნით გადამჭრელი ზომების მიღება გადაწყვიტა.
9 აპრილის გამთენიისას სპეცდანიშნულების რაზმების ასობით ჯარისკაცმა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის იგორ როდიონოვის ხელმძღვანელობით, მიტინგის მონაწილეთა დარბევა დაიწყო. დარბევა ხელკეტების, ორლესული ნიჩბებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით მოხდა.
საბჭოთა არმიის სადამსჯელო ღონისძიების შედეგად 21 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 16 ქალი გარდაიცვალა, ბევრი დაიჭრა, 2000-ზე მეტი კი - გაზით მოიწამლა.
