სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტრაესმა ილია მეორემ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და ადამინის მიერ საკუთარი თავის შეცნობის აუცილებლობაზე იქადაგა.
პატრიარქის თქმით, ადამიანმა დიდი ყურადღება უნდა ადევნოს თავის გონებას აზროვნებას და საქმიანობას.
„ძველი ფილოსოფოსები ამბობდნენ, რომ ყველაფერი იცვლება, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით. სხვა ფილოსოფოსი ამბობს - შეიცან თავი თვისი. ყოველი ადამაიანი მოწოდებულია იმისთვის, რომ შეიცნოს საკუთარი თავი“ - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მეტად რთულია და სხვისი შეცნობა გაცილებით მარტივია, ვიდრე საკუთარი თავის. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანი ობიექტური არ არის.
მისივე თქმით, ადამიანის სახე და არსება სამი სახით წარმოსდგება - როგორ გვხედავენ ჩვენ სხვა ადამიანები, როგორ ვხედავთ ჩვენ საკუთარ თავს და როგორი ვართ სინამდვილეში, ანუ როგორს გვხედავს უფალი.
„დაე ინებოს უფალმა, რომ ჩვენი სული და გონება, ჩვენი მოქმედება, საქმიანობა წარმართული იყოს იმისათვის, რომ შევიცნოთ თავი თვისი“ - განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესმა დღევანდელ ქადაგებაზე ამპარტავნებაზეც გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, ერთ მქადაგებელს რომელიც ევროპაში, ნეპალში და ინდოეთში ქადაგებდა, ჰკითხეს - ამდენ ხალხს უსმენ და ნუთუ ამპარტვნება არ დაგეუფლაო. მან მაგალითად იერუსალიმში მაცხოვრის შესვლა მოიყვანა.
„როდესაც ხალხი ჯორს თავის ტანსაცმელს უფენდა, სინამდვილეში ჯორს კი არ უფენდნენ, არამედ მასზე მყოფ მაცხოვარს. მე ვარ ჭურჭელი - სულიერი სახლი, სადაც ცხოვრობს უფალი და როგორ უნდა დამეუფლოს ეს ამპარტავნება“ - აი ასე უპასუხა მოციქულმა“ - აღნიშნა პატრაიარქმა.
მისი თქმით, დღევანდელი დღესასწაული გვიჩვენებს და მიგვითითებს იმაზე, რომ დიდება და დაცემა ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან.
პატრიარქის ბრძანებით, მაცხოვარმა ამ დიდების შემდეგ უნდა დაგმოს გოლგოთა, ჯვარცმა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება აღდგომა და ამაღლება.
„უფალმა ინებოს რომ ჩვენს გულსა და გონებაში, მთელს საქართველოში შემოვიდეს უფალი იესო ქრისტე. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა მოგვასწროს ბედნიერ აღდგომას“ - დალოცა პატრიარქმა მრევლი.
დღესვე, მან ქართული საბრძოლო ხელოვნების ჯგუფი „შავფაროსნები“ დალოცა.
