დღეს იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლა აღინიშნება
დღეს იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლა აღინიშნება
10:04 08.04.2012
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას, იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში 09:00 საათიდან აღავლენს.
მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას დიდმარხვის მე-6 კვირას ზეიმობენ, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, იგივე ბზობას უწოდებენ.
ბზობა ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს ემთხვევა.
რიგითმა ადამიანებმა უფალს იერუსალიმში შესვლისას საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. ის ადამიანთა ყველაზე წმინდა და წრფელი გრძნობების უეცარი და უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო.
იერუსალიმისკენ დიდებით მიმავალ იესო ქრისტეს ხალხი გზაზე სამოსელს უფენდა. ზოგს კი, პალმის რტოები ეჭირა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს.
ღმერთი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სამოსელის ნაცვლად გული გაუფინოს მეუფეს, თაყვანისცემა კი - ბზის ტოტებივით მიართვას.
იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევის.
ბზობის დღესასწაულთან ერთად დღეს, კრება მთავარანგელოზისა გაბრიელისა, მღვდელმოწამისა ირინეოსისა სირმიელი ეპისკოპოსისა და სხვა წმინდანთა ხსენებაც აღინიშნება. სრულდება წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია. მორწმუნეთათვის დღევანდელი დღე თევზით ხსნილია.
წელს დიდი მარხვა 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილს, უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.

ბეჭდვა