საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით - „ჩვენ ერთი სახლი გვაქვს“ ხვალ შარდენის ქუჩაზე გაიმართება.
აქციის ორგანიზატორია იუსტიციის სამინისტრო რომელიც ღონისძიებას კავშირ - „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებასთან“ ერთად აწყობს.
როგორც "ნიუსპრესს" სამინისტროდან აცნობეს, აქციის ფარგლებში ბზობის დღესასაწაულთან დაკავშირებით შარდენზე ღია ცის ქვეშ კონცერტი გაიმართება.
მოეწყობა ასევე გამოფენა-გაყიდვა შემოსული თანხა კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფონდში გადაირიცხება.
სამინისტროს ცნობითვე, აქციაზე გასაყიდად ორგანიზაციის „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ მიერ დაარსებულ სოციალურ საწარმოში - ყვავილების სათბურში გამოყვანილ მცენარეებს წარმოადგენენ. ასევე, გაიყიდება ამ ორგანიზაციის ბაზაზე მოქმედი დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ხელნაკეთი ნივთები.
გასაყიდად გამოიფინება აქციის ორგანიზატორების მიერ შეგროვილი ნაკეთობები, ნახატები, ფოტოები და წიგნები.
საქველმოქმედო აქციაზე ბავშვებისთვის გასართობი თამაშებიც მოეწყობა.
