ხვალ იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლა აღინიშნება
ხვალ იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლა აღინიშნება
16:05 07.04.2012
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ბზობას, იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლას აღნიშნავს.

როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოდან აცნობეს, ეკლესია დიდმარხვის მე-6 კვირა დღეს, მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, იგივე ბზობას უწოდებენ.

ბზობა ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს ემთხვევა.

უბრალო ადამიანებმა უფალს იერუსალიმში შესვლისას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ის ადამიანთა ყველაზე წმინდა და წრფელი გრძნობების უეცარი და უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო.

იერუსალიმისკენ დიდებით მიმავალ იესო ქრისტეს ხალხი გზაზე სამოსელს უფენდა. ზოგს კი, პალმის რტოები ეჭირა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს.

ღმერთი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს მეუფეს, თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას.

იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევის.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში 09:00 საათზე აღავლენს. პატრიარქის საზეიმო ლოცვა კი, დღეს სამების ტაძარში 18:00 საათზე დაიწყება, სადაც ბზის კურთხევა მოხდება.

ბზობის დღესასწაულთან ერთად ხვალ, კრება მთავარანგელოზისა გაბრიელისა, მღვდელმოწამისა ირინეოსისა სირმიელი ეპისკოპოსისა და სხვა წმინდანთა ხსენებაც აღინიშნება. სრულდება წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია. მორწმუნეთათვის შაბათი და კვირა თევზით ხსნილია.

წელს დიდი მარხვა 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.



ბეჭდვა