„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა“ - დევნილებს რემონტის ფულს სძალავენ
„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა“ - დევნილებს რემონტის ფულს სძალავენ
18:44 06.04.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წევრები ხელისუფლებას დევნილებისთვის ფულის უკანონოდ გამოძალვაში ადანაშაულებენ.
მათი განცხადებით, აფრიკის დასახლებაში კაიროს ქუჩაზე მდებარე დევნილების კომპაქტურ ჩასახლებაში მაცხოვრებლებს ხელისუფლება ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისთვის 800 ლარის გადახდას უკანონოდ თხოვს. აღნიშნულთნ დაკავშირებით, მოძრაობის წევრებმა დევნილებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს.
რაც სარემონტო სამუშაოებს, აქციის მონაწილეთა თქმით, ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მათი თქმით, ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის, სახლის სახურავიდან წყალი ჩადის და საკანალიზაციო მილებიც დაზიანებულია.
როგორც „ნიუსპრესს“ მოძრაობის თავმჯდომარემ მანუჩარ სიგუამ განუცხადა, აღნიშნულ დასახლებაში იანვარში ჩასახლებული დევნილებისთვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები აქამდე არ გაცემულა.
„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან ბიუჯეტით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების სრულყოფილად შესრულებას და დევნილებისთვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემას მოითხოვენ.
„ამასთან, უნდა შეწყდეს დევნილებისაგან ფულის გამოძალვა და გამომძალველები დაისაჯნონ“ - აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.


ბეჭდვა