„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ კურორტ ბახმაროში კასკადური ჰესების მშენებლობას აპროტესტებს.
როგორც ცენტრის იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კასკადური ჰესების მშენებლობის გამო, კურორტ ბახმაროს სერიოზული საფრთხე ემუქრება.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების დაუფიქრებელი გადაწყვეტილების შედეგად, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, სადაც უშუალოდ კურორტი ბახმაროა განთავსებული, ხუთი კასკადური ჰესი შენდება.
„აღნიშნული ჰესების მშენებლობა ხეობაში არსებულ კლიმატს შეცვლის, რაც ბახმაროს, როგორც კურორტის ფუნქციის დაკარგვას გამოიწვევს. აღნიშნული ჰესების მშენებლობისას უნდა გაიჩეხოს 10 ჰა-ზე მეტი ტყის მასივი, რისი ეკონომიკური გაანგარიშებაც არ განხორციელებულა“ – განაცხადა მჟავანაძემ.
მათი ინფორმაციით, ჰესების მშენებლობისა და მუდმივი სარგებლობის უფლება მოიპოვა თურქულმა კომპანიამ „KGM“, მშენებლობას კი, დეველოპერული კომპანია შ.პ.ს. „ჯორჯიან ჰიდრო ფაუერი” ახორციელებს.
„ხუთივე ჰესის საერთო სიმძლავრე 57 მეგავატი იქნება, რომელიც შემდგომ 110 კვტ-იანი ხაზით თურქეთში გადავა. აღნიშნული პროექტის განხორციელებისას ყველაზე საგანგაშო ის გახლავთ, რომ ამ ჰესების მშენებლობა არა საქართველოს, არამედ თურქული მხარის ინტერესებს გამოხატავს, ვინაიდან ჰესები თურქულ კომპანიას გადაეცა მუდმივ მფლობელობაში და დაბალ ფასად ენერგიაც სწორედ თურქეთში გავა“ - აცხადებენ „ეკოლოგიური სამართლის ცენტრში“.
