მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
როგორც "ნიუსპრესს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, ხარება ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს
ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად, მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისთვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა.
უფალმა, იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე კაცობრიობას აღუთქვა, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც ქალწული შობდა და სახელად ემანუელს უწოდებდა, რომელიც ითარგმანება როგორც "ჩვენთან არს ღმერთი". ამ დღეს, უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან მიავლინა და ახარა - "ნუ გეშინია, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ".
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს, საღამოს 17:00 საათზე ლოცვას, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს პარტიარქი ილია II ხარების ტაძარში აღავლენს, ხოლო ხვალ დილით პატრიარქის წირვა 10:00 საათზე დაიწყება.
წელს ხარების დღესასწაული ლაზარეს შაბათს ემთხვევა. ლაზარეს შაბათი ბზობის წინა დღეა. საზეიმო ლიტურგიაზე წმინდა სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც მაცხოვარი ლაზარეს მკვდრეთით აღადგენს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. სრულდება იოანე ოქროპირის ლიტურგია. შაბათი და კვირა მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია.
