ცნობილ ქართველ მხატვარსა და მოქანდაკეს გოგი ოჩიაურს კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოებს.
ორდენი მოქანდაკეს პრეზიდენტის განკარგულებით, ხელოვნებაში გამორჩეული მიღწევებისთვის გადაეცემა.
დაჯილდოების ცერემონია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში გაიმართება.
ცერემონიაზე მოქანდაკის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასშტაბური ალბომის პრეზენტაციაც შედგება.
ქართველი მოქანდაკე, თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი გოგი ოჩიაური ათობით ნამუშევრის ავტორია.
მას ეკუთვნის როგორც მონუმენტური ფიგურები, ასევე მცირე ზომის ქანდაკებები, წიგნის ილუსტრაციები, პორტრეტები და გრაფიკული ნამუშევრები. მას გაფორმებული და დასურათებული აქვს ანა კალანდაძის, გრიგოლ აბაშიძის, გიორგი ლეონიძის, ვაჟა-ფშაველას, გურამ რჩეულიშვილის წიგნები, ასევე შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი".
