სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
13:11 05.04.2012
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დღეს დაიწყო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის სახლში მიმდინარე კონკურსს დღეს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი აკვირდებოდნენ.
დირექტორობის მსურველთა კომპიუტერული გამოცდა 2012 წლის 12 აპრილამდე გაგრძელდება.
საგამოცდო პროგრამა საკანონმდებლო ბაზის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და შეფასების, სკოლის ფინანსური მართვის, ლოგიკური მსჯელობისა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მიმართულებებს მოიცავს.
სამინისტროს ცნობით, კონკურსანტებს კოპიუტერული გამოცდის ჩასაბარებლად 2.5 საათი ეძლევათ. კონკურსში მონაწილეობას დირექტორების მოვალეობის შემსრულებელთა გარდა, ის მოქალაქეებიც იღებენ, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ, მაგრამ აქამდე სკოლის დირექტორად არ უმუშავიათ.
საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპის, ელექტრონული გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, დირექტორობის მსურველი მეორე ეტაპს -გასაუბრებას გაივლის. თითოეული მათგანი გასაუბრებაზე სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული კომისიის წინაშე პრეზენტაციას წარადგენს.
ორეტაპიანი კონკურსის შედეგად შერჩეული პირები სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ, რის საფუძველზეც, მათ დირექტორობის უფლება 7 წლის ვადით მიენიჭებათ.


ბეჭდვა