ელექტრონული წიგნის პროგრამაში პროექტში მონაწილე არასრულწლოვნები ჩაერთვებიან
ელექტრონული წიგნის პროგრამაში პროექტში მონაწილე არასრულწლოვნები ჩაერთვებიან
14:27 04.04.2012

ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაში დღეიდან „განრიდებისა და მედიაციის“ პროექტში ჩართული არასრულწლოვნები მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში ელექტრონული წიგნის პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადეს.


პროგრამის მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ოთარ კახიძემ, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და Lib.ge-ს წარმომადგენელმა ისაუბრეს.
სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს მათთვის სპეციალურად შერჩეული წიგნის ელექტრონული ვერსიის შექმნა დაევალებათ. წიგნის შერჩევა არასრულწლოვანის განვითარების დონისა და მისი რეაბილიტაციის საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება.
არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროექტს იუსტიციის სამინისტრო 2009 წლის ბოლოდან ახორციელებს. განრიდება სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატივას წარმოადგენს. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია, იგი განარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. მხარეებთან შეთანხმებით სამოქალაქო ხელშეკრულება დგება, რომელსაც ხელს არასრულწლოვანი, მისი მშობლები, პროკურორი, სოციალური მუშაკი და დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი აწერენ.
სამოქალაქო ხელშეკრულების თანახმად, არასრულწლოვანს დაზარალებულის ან საზოგადოების წინაშე გარკვეული მოვალეობები დაეკისრება.

ბეჭდვა