არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის შედეგად, მოქალაქეთა დევნის და დაშინების ფაქტები გამოიკვეთა.
ამასთან დაკავშირებით, „საიას“ წევრებმა დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ წინასაარჩევნო პროცესებზე სამი თვის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართეს.
ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ დაწყებულა, საარჩევნო პროცესები საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული და მათი გაანალიზება მნიშვნელოვანია.
„საიას“ მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშში კანონმდებლობის, საბიუჯეტო ცვლილებების ფაქტებია ასახული, ასევე საუბარია ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეთა დაშინებასა და დევნაზე.
„ასახულია სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებიც. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში შეინიშნებოდა“ - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, რაიონებში ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ხელისუფლება ისეთ ერთჯერად პროგრამებს აფინანსებს, რომლებიც არასაარჩევნო წლებში არ ხორციელდება.
