ტრანსპორტის პროფკავშირი ბათუმში სამარშრუტო ტაქსების შესაძლო შემცირებას აპროტესტებს
ტრანსპორტის პროფკავშირი ბათუმში სამარშრუტო ტაქსების შესაძლო შემცირებას აპროტესტებს
11:20 04.04.2012
ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია ბათუმში სამარშრუტო ტაქსების 60%-ით შესაძლო შემცირებას აპროტესტებს.
როგორც ალანიამ დღეს „ნიუსპრესს“ განუცხადა, ბათუმის საკრებულოს დადგენილებით, ქალაქში სამარშრუტო ტაქსების შემოყვანაზე ერთწლიანი ტენდერი გამოცხადდება. ეს ცვლილება კი, მისი თქმით, დაახლოებით 400 მძღოლს უმუშევარს ტოვებს.
„რეფორმის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსების გამართვისა და შეცვლის საშუალება თავად უნდა მიეცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩება“ - განაცხადა ალანიამ.
მისი ინფორმაციით, ხვალ ბათუმის მერიის წინ მძღოლების გამაფრთხილებელი გაფიცვა გაიმართება. პროფკავშირები სოლიდარობას უცხადებენ მძღოლებს.
„თუ ბათუმის მერია დიალოგზე არ წამოვა, მაშინ მძღოლებთან ერთად, ყველა კანონის დაცვით გრძელვადიან გაფიცვას დავიწყებთ“- განაცხადა ალანიამ.

ბეჭდვა