ავიატორები პენსიის გაზრდას ითხოვენ
ავიატორები პენსიის გაზრდას ითხოვენ
16:55 03.04.2012
ავიაციის ყოფილი თანამშრომლები სახელმწიფოსგან კომპენსაციის თანხის გაზრდას და ღირსეული საპენსიო კანონის მიღებას ითხოვენ.  დღეს ვეტერანმა ავიატორებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ვეტერანთა განცხადებით, ისინი დღეისთვის სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 100 ლარამდე დახმარებას იღებენ, რაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მიღებული დაავადებების სამკურნალოდ არასაკმარისია.

"ავიატორების პენსია სომხეთში 850, აზერბაიჯანში 1 250, ხოლო უკრაინაში 1 000 აშშ დოლარია. ჩვენთან კი, კანონიც არ არსებობს" - განუცხადა "ნიუსპრესს" "საქართველოს მფრინავთა ასოციაციის" პრეზიდენტმა ალბერტ ნურვეკიანმა.

როგორც აქციის მონაწლეებმა განაცხადეს, ისინი ბიძინა ივანიშვილს დაუჭერენ მხარს.

ავიასპეციალისტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის თეიმურაზ მეფარიძის თქმით, ბიზნესმენისგან დაპირება მიიღეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მათ პრობლემას მოაგვარებს.

ავიაციის ყოფილი თანამშრომლები შემდეგ აქციას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 6 აპრილს 12 საათზე გეგმავენ.

ბეჭდვა