"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
14:13 03.04.2012
თბილისის მასშტაბით უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
ვაზისუბნის რეზერვუარზე მიმდინარე სამუშაოები დღეს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, კომპანია ვაზისუბნის დასახლებასა და ლილოში, ორ ახალ რეზერვუარს აშენებს. მშენებლობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება.
მერიის ინფორმაციით, "ვაზისუბანი I"-ის სრულად ამუშავების შემდეგ, წყლის მიწოდებაზე დაწესებული გრაფიკი ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის მიკრორაიონებს, მოსკოვის გამზირს, ბოგდან ხმელნიცკის, ქინძმარაულისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ასევე, "მეტრომშენის" დასახლების ზედა ნაწილს მოეხსნებათ.
სამშენებლო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ლილოში. ლილოს რეზერვუარის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სასმელი წყლით უწყვეტად მომარაგდება ლილოს, "ვაზიანის სამხედრო" და "საქნავთის" დასახლებები, ვაზიანის სამხედრო ნაწილი, სოფლები - ლილო და გამარჯვება, იუმაშევის ქუჩა, ლილოში განთავსებული საწარმოები და ობიექტები.

ბეჭდვა