არასამთავრობო ორგანიზაციის "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" დაკვეთით ჩატარებული ლაბორატორიული ექსპერტიზით დადგინდა, რომ უფასო სასადილოების საკვები სიცოცხლისთვის საჭირო რაოდენობის კალორიებს არ შეიცავს.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" ორგანიზაციიდან აცნობეს.
მათი თქმით, უფასო სასადილოებში დაწესებული დღიური 900 კალორია, რომელიც ისედაც მცირეა და 3 თვეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს, არ სრულდება და კვირის დღეების განმავლობაში ის 720-დან 895 კალორიამდე მერყეობს. პურის ყოველდღიური რაციონი კი, ერთ ადამიანზე 215 გრამს შეადგენს.
"ეს მეორე მსოფლიო ომის ბლოკადის დროინდელი ლენინგრადის ნორმებს ბევრად არ ჩამოუვარდება" - აცხადებენ "უმუშევართა კავშირში".
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კვება მოქალაქისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.
"უმუშევართა კავშირი" სწორედ ამ მიზნით დაინტერესდა უფასო სასადილოების რაციონით. შედეგები კატასტროფული აღმოჩნდა " - აღნიშნავენ ორგანიზაციის წევრები.
