2 აპრილი აუტიზმთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.
როგორც „ნიუსპრესს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 2012 წლის 2 აპრილს საქართველოს აუტიზმის საზოგადოება, აუტიზმის მსოფლიო დღეს მეორედ აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ღონისძიებები გაიმართება. თბილისში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რომელშიც უნივერსიტეტები, სკოლები, ინკლუზიური განათლების გუნდები და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები ჩაერთვებიან.
2 აპრილის აღნიშვნის მიზანი აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობაა.
2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, რასაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველოც შეუერთდა.
აუტიზმი ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება და სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით ხასიათდება.
მსოფლიოში ყოველ 20 წუთში, 100-დან 1 ადამიანს აუტიზმი უდგინდება.
საქართველოში 2007-2009 წლებში ჩატარებულმა კვლევამ კი, დაადგინა, რომ 110 ბავშვიდან ერთს აუტიზმი აქვს.
კამპანია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, USAID EWMI-G-PAC-ის პროექტის „კოალიცია აუტიზმისთვის“ ფარგლებში ტარდება.
