ცოდვა ისეთი ძალა და ხორცმეტია, რომელიც ადამიანს სულიერად კლავს. ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამებაში ქადაგებაზე ისაუბრა.პატრიარქის თქმით, ყველა ადამიანმა უფალს ცოდვებისგან განკურნება უნდა შესთხოვოს.
მან დღევანდელ ქადაგებაზე მრუშობის ცოდვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მრუშობის ცოდვა მრავალსახოვანია.
"მრუშობა ჩვეულებრივ ადამიანის თვისებად ითვლება. დღეს წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეა, რომელიც წლების მანძილზე ამ ცოდვაში იყო ჩავარდნილი, მას სწორედ იმდენივე წელი დასჭირდა იმ ცოდვის მოსანანიებლად. შევთხოვთ წმინდა დედას მისი ლოცვით ღმერთმა მოგცეს ძალა ამ ცოდვას ვებრძოლოთ" - აღნიშნა პატრიარქმა.
უმწინდესმა კიდევ ერთ მძიმე ცოდვაზე ამპარტავნებაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც იგი განმარტავს, ამპარტავნება ის ცოდვაა, რომელმაც ადამი და ევა და მთელი კაცობრიობა დაღუპა, ასევე ანგელოზი ეშმაკად აქცია.
"ადამიანი ღვთისქმნილებათა გვირგვინია და თავისი სულიერი მოღვაწეობით ღმერთთან მსგავსებას უნდა მიაღწიოს" - განაცხადა პატრიარქმა.
მისი თქმით, ადამიანს ცოდვის უნდა ეშინოდეს, მაგრამ ყველაზე მეტად საშიშია, როცა იგი ცოდვაში ვარდება და ამას აგრძელებს.
"წმინდა ბასილი დიდი ამბობს, მთავარი ის კი არ არის, რომ შენ ჩავარდე ცოდვაში, მთავარი ისაა, რომ შენ მათგან აღსდგე. ღმერთმა ინებოს რომ ყოველი ჩვენგანი ამ ცოდვებისგან აღსდგეს, რათა მშვიდობით, სიხარულით, სასოებით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას" - აღნიშნა ილია მეორემ.
დღესვე, პატრიარქმა დეკანოზი იაკობ უშიკიშვილი დამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და 17 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები და საფეხბურთო კლუბ "სოხუმის აეტის" ფეხბურთელები დალოცა.
