დედაქალაქში სოლიდარობის აქცია დასრულდა.
თბილისის 6 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარე სოლიდარობის აქციის მონაწილეები საღამოს გუდიაშვილის მოედანზე შეიკრიბნენ.
გუდიაშვილის მოედანზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ზეწოლის ფაქტები გააპროტესტეს.
„ტფილისის ჰამქრის“ ხელმძღვანელის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, აქციის მთავარი მიზანი ერთმანეთის პრობლემების გაზიარება იყო. ამის გამო, სოლიდარობის კამპანიის ორგანიზატორები რეგიონებში ჩასვლას არ გამორიცხავენ.
ორგანიზატორთა თქმით, სოლიდარობის კამპანია არჩევნებამდე გაგრძელდება და მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. აქცია ყოველკვირეული ხასიათის იქნება.
დღეს სოლიდარობის კამპანიაში მონაწილეობდნენ - „მედია კლუბის“ წევრები, რომლებმაც მედიის თავისუფლება მოითხოვეს, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, ეკოლოგიური სამართლის ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი“, რომლებმაც გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები გააპროტესტეს, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც განათლების ხელმისაწვდომობა მოითხოვეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მოითხოვა და კამპანია „ეს შენ გეხება“, რომელმაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მოითხოვა.
