„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ „სოლიდარობის აქციას“ შეუერთდება
„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ „სოლიდარობის აქციას“ შეუერთდება
10:17 31.03.2012
სამოქალაქო მოძრაობები „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ და „პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდი“ დღეს დაგეგმილ სოლიდარობის აქციას შეუერთდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ სამოქალაქო მოძრაობიდან აცნობეს, აქცია მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, საინიციატივო ჯგუფებისა და მოქალაქეების მიერ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ სამოქალაქო პოზიციის ღია გამოხატვას.
„საზოგადოებრივი სოლიდარობა და აქტიურობა არის ყველაზე დიდი ბერკეტი ხელისუფლებაზე კონტროლის განსახორციელებლად“- ნათქვამია „სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის ექვს მოედანზე სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია დღეს 15 საათზე დაიწყება და 17:00 საათზე დასრულდება.
სამოქალაქო სოლიდარობის აქცია თბილისის რამდენიმე მოედანზე ერთდროულად ჩატარდება - სააკაძის მოედანზე - ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მარჯანიშვილის მოედანზე - გარემოს დაცვის მოთხოვნით "მწვანე ალტერნატივა"; ავლაბრის მოედანზე - თავისუფალი მედიის მოთხოვნით "მედია კლუბი"; ვაკის პარკთან - განათლების უფლების მოთხოვნით თსუ-ს სტუდენტები; მრგვალ ბაღთან - სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით კამპანია "ეს შენ გეხება"; ხოლო თავისუფლების მოედანზე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნით "ტფილისის ჰამქარი" შეიკრიბება.

ბეჭდვა