სოციალურად დაუცველი სტუდენტები სწავლას პირველი მაისიდან დაიწყებენ
სოციალურად დაუცველი სტუდენტები სწავლას პირველი მაისიდან დაიწყებენ
15:11 30.03.2012
პროფესიული განათლების მსურველი სოციალურად დაუცველი სტუდენტები სწავლას 1 მაისიდან შეუდგებიან.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ სამშენებლო ფაკულტეტის სოციალურად დაუცველ მომავალ სტუდენტებს შეხვდა და ის გარემო გააცნო, სადაც ისინი პირველი მაისიდან ისწავლიან.

„სპექტრში“ წელს სამშენებლო მიმართულების რამდენიმე ახალი კურსი ამოქმედდა - ფართო პროფილის მშენებელი, გზის მშენებელი, დურგალი, კალატოზი, მებათქაშე, მობილური ტელეფონების შემკეთებელი, პერსონალური კომპიუტერის მომსახურე და შემკეთებელი მექანიკოსი და სხვა.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია და მათთვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გადაცემა 2012 წლის 20 მარტიდან დაიწყო და 20 აპრილამდე გაგრძელდება. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება და პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველი სტუდენტები რეგისტრირდებიან.
ამ დროისთვის, თბილისის, ქობულეთისა და ქუთაისის საინფორმაციო ცენტრებში 1 490 მსურველი ტურიზმის, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საინჟინრო და სხვა ფაკულტეტებზე დარეგისტრირდა.

ბეჭდვა