გრიპისა და გაციების შემთხვევები არ გაზრდილა
გრიპისა და გაციების შემთხვევები არ გაზრდილა
12:03 30.03.2012
გრიპსა და გაციებას, წინა წელთან შედარებით, ახალი ვირუსის წარმოქმნა და მოქალაქეთა დაავადების რიცხვის ზრდა არ გამოუწვევია.
როგორც "ნიუსპრესს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია ბუწაშვილმა განუცხადა, წელს ე.წ. "გრიპის სეზონი" ადრეულად - დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო და ის, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება.

მისი თქმით, ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენი დაავადებული მოხვდა სტაციონარში გართულებული გრიპის ვირუსის გამო, ჯერ არ არის დადგენილი.

ცენტრის ცნობით, გაციების გამომწვევი 200-ზე მეტი ვირუსისგან ყველაზე გავრცელებული რინოვირუსებია. ისინი, ზაფხულის გარდა, ყველა სეზონზე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან. ბუწაშვილის თქმით, რინოვირუსების უმეტესობა იშვიათად იწვევს სერიოზულ დაავადებას.

"მიუხედავად იმისა, რომ პიკის პერიოდი გავიდა შემდეგი რისკ ჯფუფების - ორსულების, სამედიცინო პერსონალის, ქრონიკული დაავადების მქონეთა, 65 წელს გადაცილებული პირებისა და ბავშვებისთვის სიფრთხილე აუცილებელია"- განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

ბეჭდვა