ე.წ. „ატსტუპნიკები“ აქციების გამართვას საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გეგმავენ
ე.წ. „ატსტუპნიკები“ აქციების გამართვას საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გეგმავენ
15:39 29.03.2012
ე.წ. „ატსტუპნიკები“ საცხოვრებელი ბინების უპირობოდ დაკანონების მოთხოვნით მასშტაბურ აქციებს საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავშიც გეგმავენ.  ამის შესახებ აქციის ორგანიზატორმა პარტია „მომავალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ლაღიძემ დღეს აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით 70 ათასამდე ადამიანი ითხოვს ბინების დაკანონებას.

„სიმართლე ამ ადამიანების გვერდითაა და ეს აქცია აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. თუ ხელისუფლებას არ ეშინია და იგნორიებას უკეთებს მათ, აუცილებლად დადგება სხვა პოლიტიკური მოთხოვნები“ -განუცხადა „ნიუსპრესს“ გიორგი ლაღიძემ.

მისი ინფორმაციით, ხელისუფლების მხრიდან ამ ხალხის ფარული დაშინება ხდება.

„მათთან მივიდნენ უცნობი პირები, რომლებმაც ისინი გააფრთხილეს, რომ აქციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმასაც დაკარგავდნენ, რაც გააჩნიათ. ჩვენ არ შევშინდებით და აქციებს გავაგრძელებთ“- განაცხადა ლაღიძემ.

ე.წ. ატსტუპნიკები შემდეგ აქციას მომავალ კვირას ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გეგმავენ.

ბეჭდვა