არასამთავრობო ორგანიზაცია "დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია" დღეს პარლამენტის წინ აქციას გამართავს.
როგორც "ნიუსპრესს" ორგანიზაციის გამგეობის ხელმძღვანელმა ია ღონღაძემ განუცხადა, აქცია სახელწოდებით - "ველით სამართლიან გამოძიებას" სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული მოქალაქეების ორგანიზებით გაიმართება.
მისი თქმით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში გაგზავნილ წერილებზე მიღებული პასუხიდან ცნობილი გახდა, რომ სარჩელი შემდგომი რეაგირებისთვის პროკურორს გადაეგზავნა. ორგანიზაციის წევრები აქციაზე გამოძიების ობიექტურად ჩატარების მოთხოვნას დააყენებენ.
"დაზარალებულ მენაშენეთა" წარმომადგენლების განცხადებით, "ცენტრ პოინტმა" 2003-2010 წლებში 6 200 ოჯახი დააზარალა, რომელთა მდგომარეობა ამ დრომდე არ შეცვლილა.
საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია "დექსუსი", რომელმაც "ცენტრ პოინტის" აქტივები გადაიბარა, დაზარალებულთაგან თანხის 18%-ის დამატებას ითხოვს.
2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, "დექსუსმა" ცენტრ პოინტის" ვალდებულებები 3 წლის ვადაში უნდა შეასრულოს.
