სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების სურვილი უკვე 41 000-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს რიცხვი გასული წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
პრემიერის განმარტებით, მთავრობა ცდილობს პედაგოგებს გარკვეული მოტივაცია შეუქმნას. სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში მასწავლებელი 75 ლარით გაზრდილ ხელფასს მიიღებს, ხოლო ვინც კომპიუტერსა და ინგლისურ ენას ჩააბარებს, მათ ხელფასს კიდევ 125 ლარი დაემატება.
გილაურმა ასევე აღნიშნა, რომ რეფორმამ საუნივერსიტეტო გამოცდების მხრივაც კარგი შედეგი გამოიღო. მისი განმარტებით, გასულ წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, აქცენტი საინჟინრო და ტექნიკურ დისციპლინებზე გაკეთდა, რადგან ეს დისციპლინები სჭირდება ქართულ ბიზნესს და ეკონომიკას და ამ სფეროში დასაქმებაც უფრო ადვილია.
აღნიშნული ნაბიჯის შედეგად, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საინჟინრო ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფიზიკა-მათემატიკურ დისციპლინებზე ერთ ადგილზე 7, 10 და 14 აბიტურიენტი მოდის, ასევე განსაკუთრებით დიდი კონკურსია სამხედრო ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც ერთ ადგილზე 70 აბიტურიენტია დარეგისტრირებული, ხოლო ელექტრონულ ინჟინერიაზე ერთ ადგილზე 36 აბიტურიენტი მოდის.
